29 აპრილს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ქაჯაია უძღვებოდა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და მერიის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განხილულ იქნა დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 30 დეკემბრის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლის თანახმადაც ხობის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში შემოსულობები განისაზღვრა- 31758,3 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო გადასახდელები განისაზღვრა 47800,1 ათასი ლარის ოდენობით.
სხდომაზე განიხილეს დადგენილების პროექტი: „ხობის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და ხობის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის №4 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“; რომლის თანახმადაც ადმინისტრაციული სამსახურის საორგანიზაციო საკითხთა განყოფილებაში უქმდება მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობა და საქმისწარმოების განყოფილებაში იქმნება პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა, რაც არ ცვლის საერთო ჯამში საშტატო ნუსხის რაოდენობას.
განკარგულების პროექტით: „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტში 2026 წელს დასაფინანსებელი პროექტების დამტკიცების შესახებ“, დამტკიცდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ის საპროექტო წინადადებები, რომლებიც შეირჩა მოსახლეობასთან კონსულტაციით და მერიის ორგანიზებით ჩატარებულ ხობის მუნიციპალიტეტის დასახლებების საერთო კრებებზე. აღნიშნული პროგრამის დასაფინანსებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2026 წელს მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილია 784000 ლარი, პროექტების პრიორიტეტულობის გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტის თანადაფინანსების თანხა განისაზღვრა 656 000 ლარის ოდენობით, პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 1440000 ლარს.
საკრებულოს სხდომაზე დამტკიცდა ხობის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში, რომლის თანახმადაც მუნიციპალიტეტის 2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დაზუსტებულმა გეგმამ შეადგინა შემოსულობების ნაწილში 36491,4 ათასი ლარი, ხოლო საგასავლო ნაწილში 43744,7 ათასი ლარი.