15 თებერვალს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და გამგეობის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განხილულ იქნა დადგენილების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 28 დეკემბრის N25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“. რომლის თანახმადაც ბიუჯეტში არსებული ნაშთი 26,1 ათასი ლარი (18,9 ათასი ლარი ცენტრალური ბიუჯეტი, 7,2 ათასი ლარი ადგილობრივი ბიუჯეტი) და გამოთავისუფლებული 773,4 ათასი ლარი (ადგილობრივი ბიუჯეტი), სულ 799,5 ათასი ლარი მიიმართა სხვადასხვა ღონისძიებების დასაფინანსებლად, კერძოდ: „წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება“, „ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია“ და „კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებების დასაფინანსებლად.
სხდომაზე ასევე განიხილეს განკარგულების პროექტი „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხობის მუნიციპალიტეტში 2017 წელს დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობის პროექტების დაფინანსების მიზნით მომზადებული წინადადების მოწონების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების 2016 წლის 28 დეკემბრის N64 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“. ცვლილების შედეგად მოწონებულ პროექტებს დაემატა კიდევ ორი ობიექტი, რომელიც ითვალისწინებს საგვიჩიოს ადმინისტრაციულ ერთეულში ცემენტო-ბეტონის გზის მოწყობასა და საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაგა-ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებას.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს რიგგარეშე სხდომა დახურულად გამოცხადდა.